Georgianyounggreens's Blog

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on May 1, 2013

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების განცხადება

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 May-Day-2007

ქართულ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებულ პირთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და არც განახლებული შრომის კოდექსი უზრუნველყოფს დაქირავებულებს ღირსეული სამუშაო პირობებით, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით 1 მაისის მშრომელთა გაძლიერებისა და ერთობის საერთაშორისო დღეს.

ქვეყანაში არსებული კაპიტალისტური ეკონომიკური და სოციალური მოდელის ნიადაგზე დაუსაქმებელ პირთა რაოდენობა, ასევე, დიაპაზონი უკიდურესად ღარიბ და უკიდურესად მდიდარ ადამიანებს შორის წლიდან წლამდე იზრდება.

ამ დროისთვის ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არაეფექტურია. დასაქმებულებზე არ ვრცელდება სხვადასხვა სახის შეღავათები, რაც შრომას ერთი-ორად აუფასურებს. დაუსაქმებელი პირები არ იღებენ საარსებოდ აუცილებელ სოციალურ დახმარებას, ამასთან არც მათ დასაქმებაზე იღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას.

სახელმწიფო დამსაქმებელს ანიჭებს პრივილეგიას გადაწყვიტოს თანამშრომლის ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და უქმეების ოდენობა, რაც უმეტეს შემთხვევაში ადამიანების ჩაგვრასა და შრომით ექსპლუატაციას იწვევს.

ხიფათის შემცველ სამუშაოში ჩართული პირების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს დამქირავებელი. ამასთან, არც სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ გამართული ჯანდაცვის პროგრამით. ეს ყველაფერი კი ქვეყნის შრომისუნარიან მოქალაქეთა რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

მწვანეები ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილებისა და თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი პირობების არქონას უმწვავეს პრობლემად მივიჩნევთ. ქვეყნის შრომის ბაზარზე არა არის ადგილი სტუდენტებისთვის და ნახევარი განაკვეთით მუშაობის მსურველთათვის. მათი დაქირავების შემთხვევაში კი, დახარჯული ფიზიკური, დროის თუ ინტელექტუალური რესურსის შეუსაბამოდ ანაზღაურებას აქვს ადგილი. სტუდენტები შრომით ბაზარზე დაუფასებელი, მეორე ხარისხოვანი მოთამაშეები არიან.

ქვეყანაში გვაქვს გაუმართავი სტაჟრების სისტემა, კანონი არ არეგულირებს სტაჟირების ანაზღაურება, არანაზღაურების საკითხს და მას მთლიანად დამსაქმებლის კეთილსინდისიერებას ანდობს, რის გამოც სამუშაო გამოცდილების შეძენის მქონე პირს, ხშირად წლების განმავლობაში უწევს უფასო შრომის გაწევა, შედეგად კი მას არც იმის გარანტია აქვს, რომ დასაქმდება სტაჟირების ადგილზე.

დამქირავებლები ქალების უფლებებს განსაკუთრებული სიხშირით არღვევენ. ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რაც მათ კარიერულ წინსვლას აბრკოლებს. გარდა ამისა, ისინი აღქმულნი არიან როგორც ნაკლები შესაძლებლობების მქონენი, შესაბამისად ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე კაცები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ორსულობა ხელის შემშლელ ფაქტორად ითვლება და ამ ნიადაგზე, დამქირავებელი უარს ამბობს კონკრეტული პიროვნების დაქირავებაზე.

სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში ხშირად აქვს ადგილი ეთნიკურ, გენდერულ, ასაკობრივ, სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას. ამ შემთხვევაშიც დაქირავებული პირი დაუცველია.

საქართველო უნდა იქცეს სახელმწიფოდ, სადაც შრომა არ არის ღირსების შელახვის წინაპირობა და ადამიანებს აძლევს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების საშუალებას.

maydaycityscape

Advertisements

შევაჩეროთ მონსანტო!

Posted in Environment by georgianyounggreens on April 10, 2013

4764_tomatoTakeover_1_460x230მონსტანტოს კორპორაცია უმსხვილესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამ დროისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში მონოპოლისტია. როგორც სჩანს კომპანია აქამდე წარმოუდგენელის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად. ევროპულ კანონმდებლობაში არსებული შრეები მათ საშუალებას აძლევს დააპატენტონ ბოსტნეული, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის საკუთრებაშია. საუბარია ბოსტნეულზე, რომელსაც ამ დროისთვის მონსტანტოს კორპორაციაც აწარმოებს, მაგალითად, კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, ისევე როგორც ხილი…

მიზნის მიღწევის შედეგად, ყველა წვრილ ფერმერს ან კომპანიას, რომელიც ამ პროდუქტებს აწარმოებს, მოუწევს დამატებითი თანხის გადახდა უშუალოდ მონსანტოსთვის. მსგავსი პრეცედენტის შექმნა მსოფლიოსთვის ტრაგიკული იქნება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ძალიან სწრაფად უნდა აღმოფხვრან საკანონმდებლო ლაფსუსები, იმისთვის, რომ მონოპოლისტ კორპორაციას არ მიეცეს კაცობრიობის საწინააღმდეგო გეგმის განხორციელების საშუალება.

ყველაფრის პარალელურად მიმდინარეობს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც შეგიძლიათ თავადაც შეუერთდეთ.

თავად კორპორაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი დოკუმენტურ ფილმს “მსოფლიო მონსანტოს მიხედვით” უყურეთ.

მზის ბატარეები იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე თავად მოიხმარენ?!

Posted in Environment by georgianyounggreens on April 4, 2013

მზის ბატარეები ელექტროენერგიას უდავოდ საკმაო რაოდენობით გამოიმუშავებენ, თუმცა ამის გასაკეთებლად თავადაც საჭიროებენ ენერგიის წყაროს. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე მწარმოებლებმა ბატარეების დამზადებისთვის მოხმარებული ელ.ენერგიის ანაზღაურება და ახლის გამომუშავება მხოლოდ 2010 წლიდან დაიწყეს და 2020 წლისთვის სრულ დამოუკიდებლობას გეგმავენ.

იმისთვის, რომ კომპანიებმა მზის ფერმებისთვის საკმარისი პანელები დაამზადონ, ისინი დღემდე მოიხმარენ დიდი რაოდენობით ქვანახშირს  და სხვა წიაღისეულებს. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების პრაქტიკაში დანერგვა ბევრ ტექნიკურ სირთულესა თუ იდეოლოგიურ დილემასთანაა დაკავშირებული. სტენფორდის პროფესორთა ჯგუფი უერთდება  განახლებადი ენერგიების ინდუსტრიაში მომუშავე მეცნიერებს, რათა მზის ენერგია უფრო “იაფი” და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი გახადონ.

Nellis_AFB_Solar_panels

წყლის დეფიციტი – პოლიტიკური გადაწყვეტილება

Posted in Environment, Environment/politics by georgianyounggreens on March 22, 2013

water

რამდენიმე ათწლეულის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე იოლად განახლებად რესურსის გადასარჩენად დღეს ორმაგი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა, ვიდრე მისი გონივრულად მოხმარების შემთხვევაში. საუბარი წყალზეა. ის დედამიწაზე რამდენიმე ფორმით არსებობს და საოცრად თვითმყოფადია. ამასთან, პლანეტის საფარის 65%-იც წყალია, თუმცა სტატისტიკა საგანგაშო მაშინ ხდება, როცა სასმელად ვარგისი, მტკნარი წყლის რაოდენობაზე მიდგება საქმე. ამ დროისთვის მსოფლიოში შენარჩუნებული წყლის მხოლოდ 3% მოდის 7 მილიარდ ადამიანზე. ამას გარდა, მასზე ხელი ხშირ შემთხვევაში არ მიგვიწვდება, რადგან ის მიწის ან ყინულის ქვეშაა მოქცეული. ეს, ერთის მხრივ, შეგვიძლია დადებით მოვლენადაც ჩავთვალოთ. არავინ იცის მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში რამდენად გაიზრდებოდა ფუჭად დაღვრილი წყლის მოცულობა.

სუფთა წყლის მოხმარების ინტენსივობა 21-ე საუკუნის მეორე დაკადაში ოთხჯერ აღემატება 50-იანი წლების მონაცემებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ არსებული რესურსი მსოფლიო მოსახლეობაზე თანაბრად არ ნაწილდება. 1 მილიარდზე მეტ ადამიანს დღეს სასმელის წყლის გარეშე იმყოფება, რაც ხშირ შემთხვევაში, მათ იძულებით გადაადგილებას იწვევს. ასეთი ზონების უმეტესობა აფრიკასა და აზიაში იმყოფება – ადგილები, რომლებზეც კლიმატის ცვლილებები ტემპერატურის მატებასა და გაუდაბნოებაში ისახება. მსოფლიო ძალისხმევის მიუხედავად, ყოველწლიურად წყურვილით 5 მილიონამდე ადამიანი იღუპება.

სტატიის მთავარი მიზანი საგანგაშო რიცხვების კიდევ ერთხელ გაჟღერება არ არის. უკეთესი შედეგის მომტანი პრობლემის სხვა კუთხიდან დანახვა იქნება.

პლანეტაზე, სახელად დედამიწა, ყველასთვის სამყოფი წყლის მარაგია. (ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის) თუმცა, იმ ფაქტის უგულებელყოფაც, რომ გაზრდილი მსოფლიო მოსახლეობის პარალელურად წყლისა და საკვების დეფიციტიც უფრო მწვავდება, არ იქნება სწორი. პრობლემის სათავე საკვებისა და წყლის გონივრულ მართვაშია. ადამიანებს ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გაზიარება გვიჭირს, რადგან საკაცობრიო ცნობიერებას წინ ყოველთვის ადამიანური, მომხმარებლური ბუნება უსწრებს.

კონსუმერიზმი ადამიანებმა მას შემდეგ დაისწავლეს, რაც კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა უნიფიცირებული იქნა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ნაწილში. ზრდაზე ორიენტირებული წყობა კი ავტომატურად ბუნებრივი რესურსებზე მოთხვნასაც აორმაგებს, რიგითი მოქალაქეები კი სულ უფრო და უფრო ხდებიან უთანასწორობის მორევში ჩათრეულნი.

სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობაც სწორედ პოლიტიკურ ნებაზე გადის. მაღალი ეკოლოგიური ცნობიერების მქონე ქვეყნებში იშვიათად წარმოიქმნება პრობლემები მოსახლეობის წყლით მომარაგების კუთხით, იქნება ეს პირადი მოხმარებისთვის თუ ირიგაციისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, H2O-ს ამ ქვეყნებში ადექვატური ღირებულებაც აქვს.

არაერთხელ იქნა ნახსენები, რომ საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა. შესაბამისად, ის ყველასთვის უფასო უნდა იყოს. იმავე ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ყველაფერს, რასაც უფასოდ ვიღებთ, ბევრად უფრო უყურადღებოდ ვეპყრობით. სწორედ ამიტომ, წყლის გაუფასურება, მის დეფიციტამდე მიგვიყვანს.

საქართველოში ბუნებრივი რესურსების გონივრულად მართვის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია, რაც თუნდაც იმ ფაქტით გამოიხატება, რომ საქართველოს პერიფერიული მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს დღის განმავლობაში არაერთი კილომეტრის გავლა უწევს სასმელი წყლის მოსამარაგებლად.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების განცხადება საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდული პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და ახალგაზრდების მარგინალიზების მცდელობასთან დაკავშირებით

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on November 20, 2012

ერთი წლის წინ საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გასატარებლად სახელმწიფომ რამოდენიმე  ახალგაზრდული პროექტი დაამტკიცა. მათ შორის ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი და პროექტი “Speak Up”.

ეს პროექტები, თავისი სამიზნე ჯგუფისა და განხორციელების მდებარეობით, მაქსიმალურად მოიცავდა მთელს საქართველოს. ორივე მათგანი ორიენტირებული იყო ახალგაზრდების ჩართულობის დონის ამაღლებაზე, მათი პოლიტიკური ცნობიერების განვითარებასა და მათ შორის ურთიერთობების დამყარებაზე. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ახალაგზრდულ პარლამენტს, ამ პროექტის მთავარი არსი მდგომარეობდა შემდეგში: მოსწავლეებისათვის უშუალო პრაქტიკული საქმიანობით გაეცნოთ პარლამენტის სტრუქტურა, ემუშავათ სხვადასხვა პრობლემებზე და მიეღოთ საბოლოო რეზოლუციები, რომლებსაც პლენარულ სხდომაზე წარადგენდნენ. სესიებზე მიღებული რეზოლუციებიდან საუკეთესოები კი განსახილველად ქვეყნის პარლამენტს ეგზავნებოდა.

ახლადარჩეულმა პარლამენტმა, რომლის მხარდამჭერთა დიდ ნაწილს სწორედ ახალგაზრობა წარმოადგენდა, დაფინანსება შეუწყვიტა საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს და პროექტ “Speak Up”-ს.

ამასთან, ვფიქრობთ, რომ 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის – ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, კოლეგა- მარიამ საჯაია, ასაკის გამო არაკომპეტენტურად მიიჩნია, განზრახ თუ უნებლიედ, ემსახურებოდა ახალგაზრდების მარგინალიზების მიზანს.

ახალგაზრდა მწვანეები ვშიშობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ერთეული განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა სახელმწიფო პოლიტიკად იქცეს.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ხელისუფლება ორმაგი ძალისხმევით უნდა ცდილობდეს ახალგაზრდების მოტივირებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. ამის პარალელურად კი მუშაობდეს პარლამენტში პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე და არ უშვებდეს პარლამენტების წევრების მხრიდან ამა თუ იმ ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას.

ლადო ბიწაძე – საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი

გიორგი მეგრელიშვილი – საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები

მდგრადი გარემო

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on November 19, 2012

მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა სტაბილური მომავლის წინაპირობაა. ადამიანების მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ნათლად დაგვანახა, რომ მომავალი, მითუმეტეს სტაბილური, ძალიან ცოტას თუ სურს.

სწორედ ამიტომ, მდგრად გარემოზე სასაუბროდ თანამოაზრე ახალგაზრდები მოვიწვიეთ. შედეგად, 150-მდე აპლიკაცია მივიღეთ, რომელთაგანაც გაჭირვებით ავარჩიეთ 25. ზოგი გამოცდილების, ზოგი სურვილისა და ზოგიც საინტერესო იდეების გამო.

16 ნოემბერს, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში თემით დაინტერესებულმა და საკმაოდ აქტიურმა ახალგაზრდებმა არაფორმალური სწავლების გზით, გამოცდილების გაზიარება, ახალი ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა და ჯგუფული სამუშაოებისა თუ დებატების დახმარებით საკუთარი შეხედულებების გამოხატვა დაიწყეს.

Image

ახალგაზრდა მწვანეების პრეზენტაციას ავთანდილ გელაძის ინფორმაციულ/ინტერაქტიული სესია მოჰყვა, მდგრადი გარემოს ეკოლოგიური ასპექტების შესახებ. როლური თამაშისთვის 6 ჯგუფად დაყოფილმა მონაწილეებმა არგუმენტირებული კამათის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა სცადეს.

დავალება: საქართველოს მთავრობის ინიციატივით დასავლეთის ერთ-ერთ რეგიონში იგეგმება ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიის ექსპორტით ქვეყანა ყოველწლიურად 200 მილიონამდე მოგებას მიიღებს. თუმცა, ჰესის აშენება გამოიწვევს მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან 30 ოჯახის იძულებით მიგრაციას.’

პრეზენტატორი ჯგუფების მიხედვით, ღირებულებებს შორის არჩევანის გაკეთება იოლი არაა, თუმცა გარკვეული კომპრომისის პოვნის შემთხვევაში ადამიანების იძულებითი მიგრაციაც შესაძლოა აცილებული იქნეს თავიდან.

Image

მომდევნო ორი საათის განმავლობაში მდგრადი სოციალური გარემოს კომპონენტებზე დისკუსიას თეო აბაიშვილი, ახალგაზრდა მწვანეების მმართველი კომიტეტის წევრი ფასილიტირებდა. სწრაფი დებატების დროს კი მონაწილეთა 12 წყვილს 12 დებულებაზე მოუწია კამათი, ხშირ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის წინააღმდეგაც.

დებულებები: ‘სიღარიბე ხელოვნურადაა გამოწვეული’

‘ადამიანებს აქვთ უფლება თავად შექმნან საკუთარი იდენტობა’

Image

სემინარის ბოლო საათნახევარი კი მდგრად მომავალზე საუბარს დაეთმო, რომლის შექმნაშიც უშუალოდაა ჩართული თითოეული ჩვენთაგანი. ბოლოსკენ იმაზეც შევთანხმდით, რომ ეკო-მეგობრულობა არც ქართულ რეალობაში ყოფილა ძალიან რთული.

Image

სემინარის მონაწილეებისგან პოზიტიური შეფასებები მივიღეთ და რამოდენიმე მათგანს უკვე თავად სურს ახალგაზრდა მწვანეების აქტივობების ინიცირება, რაც ორგანიზაციაში რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, მათ შორის კი ჩვენი ორი სამუშაო ჯგუფია. “მდგრადი გარემოს” ჯგუფში ეკოლოგიის, განახლებადი ენერგიის, მწვანე ეკონომიკის და საკვების თემებზე, ხოლო “თანასწორობის” სამუშაო ჯგუფში ადამიანის და ცხოველთა უფლებებზე და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაზე ვმუშაობთ.

თუ თქვენც გაქვთ თანამშრომლობის იდეა მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე :)

http://www.facebook.com/pages/Georgian-Young-Greens/168899353163803?ref=hl

georgianyounggreens@gmail.com

სემინარი “მდგრადი გარემო”

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on November 7, 2012

Image

კლიმატის ცვლილება, სოციალური უთანასწორობა და ეკონომიკური სიდუხჭირე 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევებია. არასწორი პოლიტიკა და კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა გარკვეულ ჯგუფებს პრივილეგიებს აძლევს, ამცირებს ბუნებრივ რესურსებს, რაც კიდევ უფრო ზღუდავს მდგრადი მომავლის შექმნის პერსპექტივას.

პრობლემების გადაჭრის რეალურ გზად ‘საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებს’ მდგრადი განვითარების სამი ძირითადი პრინციპი გვესახება. სწორედ მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე სასაუბროდ გიწვევთ 16 ნოემბერს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში.

სემინარს ექნება ინტერაქციული ხასიათი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა სერთიფიკატები.

მისამართი: ზოვრეთის 38 – ჰაინრიხ ბიოლის ფონდი

დრო: 16 ნოემბერი, 11:00 – 18

სემინარში მონაწილეობის მიღების 15-დან 28 წლამდე მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ შემდეგი აპლიკაციის ფორმა,  არაუგვიანეს 15 ნოემბრის 15 საათამდე! :00

Geo Young Greens on Tumblr

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on November 6, 2012

follow us on tumbler : ) Image

Go Green – აღმოაჩინე მწვანე რუსთავში

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on October 16, 2012

საქართველოსახალგაზრდამწვანეები  პროექტის “მწვანე სამხრეთ კავკასია ევროპული ინტეგრაციისაკენ” ფარგლებში  გიწვევთ სემინარზე “Go Green – აღმოაჩინე მწვანე“  რუსთავში .

თუ ხართ ახალგაზრდა და ფიქრობთ, რომჯანსაღ გარემოში ცხოვრება ისაა, რისკენაც ისწრაფვით,  გაინტერესებთ, რას ნიშნავსიყო მწვანე,  რა საკითხებს მოიცავს და რატომ ემყარება მწვანე იდეოლოგია ადამიანებს შორის თანასწორობის პრინციპს,  რატომ არის მწვანე ცხოვრების სტილი მომავლის სასურველი გზა  –   20 ოქტომბერს, რუთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (კოსტავას 22)  ერთად განვიხილავთ თემებს, როგორიცაა ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები,ახალგაზრდობის ჩართულობა.

სემინარს ექნება ინტერაქციული ხასიათი,  მისი დასრულების შემდეგ კი გაიმართება აქცია.

შემოგვიერთდით, ერთად აღმოვაჩინოთ „მწვანე“.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაციის ფორმა   და  გამოაგზავნოთ   2012 წლის 19 ოქტომბრის 15:00 მდე. Image

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების განცხადება სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ

Posted in Uncategorized by georgianyounggreens on September 13, 2012

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ანტი-მილიტარისტული შეხედულებების მქონე ორგანიზაციაა. ამასთან, ჩვენ ადამიანის პიროვნული არჩევანის თავისუფლებას უმთავრეს ღირებულებად მივიჩნევთ. ქართული სახელმწიფო ქვეყანაში მცხოვრებ მამრობითი სქესის სრულწლოვან მოქალაქეებს, მათი სურვილის მიუხედავად, უბიძგებს სავალდებულო ჯარში მსახურობისკენ, რაც ცალსახად არღვევს ზემოთ ნახსენებ პრინციპებს.

გარდა ამისა, მივიჩნევთ, რომ ქვეყნისთვის განათლებაში ინვესტირება ბევრად უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს. ქვეყნის ბიუჯეტში განათლებისა და თავდაცვისთვის გამოყოფილ თანხებს შორის კი აშკარა დისბალანსია.

საქართველოს მთავრობა ამაყობს ავღანეთსა და ერაყში გაგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვით, მაშინ როცა, ქვეყანაში არსებული განათლების სტატისტიკა შემაშფოთებელია. ახალგაზრდა მწვანეების აზრით, მშვიდობიანი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა განათლებული და არა კარგად შეიარაღებული ან გაწვრთნილი საზოგადოებაა!

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეწინააღმდეგებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს იმიტომ, რომ 18-დან 27 წლამდე მამაკაცების დიდი ნაწილი (განურჩევლად მათი შეხედულებებისა და პრინციპებისა) იძულებულია ერთი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კვლავ სწავლა განაგრძოს, რათა „სამშობლოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება“ თავიდან აირიდოს. სწავლის ალტერნატივა კი მხოლოდ ჯარია და არა მუშაობა, თვით-განათლება, მოგზაურობა ან მსოფლმხედველობისა და ცნობიერების რაიმე სხვა გზით გაფართოება.

ამასთან, ქვეყანა 12 თვის განმავლობაში კარგავს შრომისუნარიანი რესურსის ძალიან დიდ ნაწილს, რაც ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ხშირ შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახურგავლილი პიროვნებები გადამზადებას საჭიროებენ, რაც სახემწიფოსგან დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

გარდა ამისა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით პრეზიდენტის ინიციატივას სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემთხვევაში საბაკალავრო განათლების სრული დაფინანსების შესახებ, რადგანაც ეს უკიდურესად ზრდის გენდერულ და სოციალურ უთანასწორობას.

ამ ინიციატივის მიხედვით მამრობითი სქესის აბიტურიენტების 100 პროცენტს სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას სრულიად უფასოდ მიიღოს განათლება, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სწავლის სხვა მსურველებს. ამასთან იმავე ბენეფიტებით სარგებლობა არ შეეძლებათ სამხედრო სამსახურისთვის „გამოუსადეგარ“ პირებს.

აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ზემოთ ხსენებული ინიციატივით სახელმწიფო საზოგადოების გენდერული და ფიზიკური ნიშნებით დაყოფასა და დისკრიმინაციას ახდენს.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვთვლით, რომ განათლება უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ქვეყანაში მცხოვრებთ უნდა მიეცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება, რათა მათ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც სურთ!

%d bloggers like this: